ტრენინგ-კურსის შესახებ

















          21-ე საუკუნის მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თანამედროვე, განსხვავებული შესაძლებლობებისა და ღირებულებების მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები და მოლოდინები  დააკმაყოფილოს.
თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება, უპირველეს ყოვლისა, სწავლებაში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ინტეგრირებას  გულისხმობს. დღეს, ღილაკზე  მოქმედების შედეგად, მოსწავლეს მომენტალურად, მყისიერად, წამებში შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია ნებისმიერი მოვლენის შესახებ. შესაბამისად, თანამედროვე მოსწავლისათვის, შესაძლოა, მოსაწყენი იყოს მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით სწავლა. ამდენად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლებისათვის ახორციელებს  ტრენინგ-კურსებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის, ახორციელებს ტრენინგ-კურსს „ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია“.
ინტელის სასწავლო კურსი  მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტებზე მუშაობა  შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები  და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის ძირითად კურსში ტრენინგ-კურსის მონაწილე მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე. კურსის განმავლობაში გამოიყენებენ მრავალფეროვან ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც საკუთარი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ტრენინგის განმავლობაში  მონაწილეები იქნებიან როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის როლში. შეძლებენ გააანალიზონ ყველა შესაძლო პრობლემა, რომელსაც  ხვდებიან მოსწავლეები სწავლის პროცესში.
კურსის მიზანია, მასწავლებლებმა შექმნან პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოიყენებენ კლასში, რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.

ტრენინგის მონაწილე შეიძლება იყოს სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერი საგნის მასწავლებელი.
კურსი მოიცავს 36 საათს (პერიოდი - 9 დღე, მეცადინეობის ხანგრძლოვობა - 4 საათი დღის განმავლობაში).
კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

სერტიფიცირებისთვის აუცილებელი პირობაა:
- არანაკლებ  7 ტრენინგ-დღეზე დასწრება (ტრენინგის მეცხრე დღეს დასწრება აუცილებელი პირობაა);
- პროექტის პორტფოლიოს გამოქვეყნება.


ტრენინგის მონაწილისთვის აუცილებელი მოთხოვნაა:

·       WINDOWS - ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
·       საქაღალდეებთან მუშაობა;
·       Word-ის  პროგრამაში თავისუფლად მუშაობა;
·       ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და შენახვა;
·       Gmail - ის ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა.


პროექტზე დაფუძნებული სწავლების განმარტება

პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდია. ის ცოდნასა და უნარებს ავითარებს განგრძობითი ამოცანით, რომელიც საჭიროებს მოსწავლის მიერ ინფორმაციის მოძიებას და პროდუქტის ან შესრულების დროს აუთენტური სწავლის დემონსტრირებას. პროექტზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს და მაღალი დონის აზროვნებას რეალურ სამყაროში.

პროექტზე დაფუძნებული სასწავლო პროექტები მოიცავენ სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს, რომ უზრუნველყონ ყველა მოსწავლის ჩართულობა მათი სწავლის სტილის მიუხედავად. ხშირად მოსწავლეები თანამშრომლობენ გარე ექსპერტებთან და საზოგადოებასთან, რომ კითხვებს უპასუხონ და სიღრმისეულად გაიაზრონ შინაარსი. ტექნოლოგია სწავლების ხელის შეწყობისათვის გამოიყენება. პროექტზე მუშაობის მანძილზე შეფასების მრავალნაირი ტიპი გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების ნამუშევრის ხარისხიანობას.

პროექტის მახასიათებლები
გაიგეთ მეტი იმ ელემენტებზე, რომლებიც სასწავლო პროექტის დაგეგმვისას გამოიყენება.

პროექტების დაგეგმვა
შეიტყვეთ, თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროექტის შექმნა და შეფასება სასწავლო პროცესში. მოიძიეთ იდეები და საშუალებები თქვენი სასწავლო პროექტის გასაუმჯობესებლად.


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
შეიტყვეთ, თუ როგორ წარმოშობს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ინტერესს და უზრუნველყოფს მოსწავლის აზროვნების აქტივაციასა და ჩართულობის მაღალ დონეს.

პროექტები მოქმედებაში

წაიკითხეთ სწავლების ტრადიციული მეთოდებიდან პროექტზე დაფუძნებულ მეთოდებზე გადასვლის შესახებ. შეიტყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობენ მასწავლებლები გადასვლის პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებს.


Комментариев нет:

Отправить комментарий